ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით - პრეზიდენტი 

15 ნოემბერი 2019, 20:00 1622 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი.

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა: პროპორციული, მაჟორიტარული და შერეული. ვერც ერთ სისტემაზე ვერ ვიტყვით, რომ იგი მეტად ან ნაკლებად დემოკრატიულია.

პოლიტიკური ვითარებიდან, საკუთარი ამბიციებიდან თუ საარჩევნო გათვლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა ქვეყანაში უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. საზოგადოება ამ სისტემის ჩამოყალიბებაში ნაკლებადაა ჩართული და, შესაბამისად, გათვითცნობიერებულიც ნაკლებადაა. მას არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა აინტერესებს, და ასეც უნდა იყოს.

როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის.

ამავე დროს, მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული. ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.

ამ ვითარებასაც დავძლევთ, თუკი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება; თუკი ყველა შეიკავებს თავს დაძაბულობის გაღრმავებისა და პოლარიზაციის გამწვავებისგან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამას ჰქვია და იგი ყველას მოეთხოვება.

მივმართავ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაძაბული მდგომარეობიდან გამოსასვლელად რესურსი არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი