ძველ ბულვარში, ე.წ პიშევიკების სანაპიროს მიმდებარედ მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტექნიკა ზღვიდან ინერტულ მასალას იღებს. სამუშაოები ტერიტორიაზე დღეს დილიდან მიმდინარეობს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამუშაოებს ტერიტორიაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უწყებაში ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ ტერიტორიიდან ინერტულ მასალას იღებენ, რომელიც აქ მდინარე ჭოროხს შემოაქვს. მათივე თქმით, ამოღებული ინერტული მასალა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ სამუშაოები შეთანხმებულია როგორც ქალაქის მერიასთან, ასევე ბათუმის ბულვართან.