დაპირისპირება და ხმაური საქართველოს პარლამენტში. პლენარულ სესიაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ, გიგა ბოკერია და რომან კაკულია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბოკერიას გაღიზიანება კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც იგი მინისტრს სერგეი ლავროვთან შეხვედრის თაობაზე უსვამდა შეკითხვას. სწორედ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დღევანდელ სესიაზე.
ოპოზიციას აინტერესებს რატომ დამალეს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და იყო თუ არა ეს შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან. ამასთან კითხვებს დღემდე იწვევს რეალურად რა განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე. კითხვები დაისვა დავით-გარეჯთან დაკავშირებითაც.