გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ საფრთხეები, რომელიც მაუწყებელს მოსამართლის განჩინებით დაემუქრა - მაია მერკვილაძე

30 სექტემბერი 2019, 14:45 1675 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, მაუწყებელში არსებობს ადამიანების ძალიან დიდი ძალა, ისინი არ დაუშვებენ დირექტორს, რომელსაც სახელისუფლებო ვექტორისკენ შეცვლის დავალება ექნება. 

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ დღევანდელი განცხადების მიზანი საზოგადოებისთვის იმ საფრთხეები ჩვენება იყო, რომელიც მაუწყებელს მოსამართლის განჩინებით დაემუქრა. 

''განცხადების მიზანია ვაჩვენოთ საზოგადოებას ის საფრთხე, რაც დაგვემუქრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომელმაც ჩათვალა,რომ ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტოს მაუწყებლის ბედი, მხოლოდ კერძო პირის, გიორგი კოხრეიძის მიმართვის საფუძველზე და არ გაითვალისწინოს წინა პროცესები, არ გაითვალისწინოს სხდომის ოქმი. 

ჩემი აზრით ეს არ იყო შემთხვევითი და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებამდე მივიდა პროცესი.

მანამდე ჩვენ არაერთი საფრთხე ვიგრძენით, მაგრამ ამის შესახებ არ გვითქვამს იმიტო, რომ კიდევ გვრჩებოდა შანსი. წინ იყო მეოთხე კონკურსი და ვფიქრობდით, რომ დირექტორის არჩევა მოხდებოდა კონკურსის გზით, 

იდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მაუწყებლის თანამშრომლების განცხადება პროცესს შეცვლის და ასეც, რომ არ იყოს, ეს იქნება მაუწყებლის განაცხადი'' - ამბობს მაია მერკვილაძე. 

კობა გოცირიძის განჩინებით 24 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული მე-4 კონკურსის დასრულებამდე, 4 საათით ადრე პროცესი შეჩერდა.

განჩინებას საფუძვლად, მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთი მსურველის, გიორგი კოხრეიძის სარჩელი დაედო.

კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 22 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ამბობს, რომ მე-3 კონკურსზე ის 2 ხმით მაუწყებლის დირექტორი გახდა. სადავოდ კი, კენჭისყრის პროცესში, ერთ-ერთი მრჩეველის - ბეჟან გობაძის ("ნაციონალური მოძრაობის" კვოტა) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ხდის. სარჩელში წერია, რომ ბეჟან გობაძე სხდომას არ ესწრებოდა მრჩევლის სტატუსით, არამედ სხდომაზე იმყოფებოდა როგორც დაინტერესებული პირი. საბოლოოდ, კენჭისყრის დროს მხოლოდ სამი ბიულეტენი გამოიყენეს, საიდანაც 2 ხმა მას ეკუთვნოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში