არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბათუმის კონცხზე, 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგი არიან, ახლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, ჩაატარონ კვლევა ეკოლოგიური საფრთხეების გამოსარიცხად. მათ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას მიმართეს. წერილში, რომელიც უკვე გააგზავნეს, წერენ იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, მათი განცხადებით, „რივიერა ბათუმის” განხორციელების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს შავი ზღვის კომისიის ფარგლებში. ბათუმის მერი კი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში შესაბამისი კვლევები ჩატარდა და საფრთხეებიც გამოირიცხა.
რაც შეეხება ექსპერტებს, ისინი დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროებას ხედავენ.