პრემიერი ამბობს, რომ 3 წელში სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 2000 ლარს გადაშორდება

27 აგვისტო 2019, 15:45 2530 ნახვა

2019 წლის ოქტომბერში ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. ხელფასების ზრდა იქნება ყოველწლიური და 2022 წელს ის უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს, მენტორი მასწავლებლისთვის კი 2450 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

"ჩვენ მივაღწიეთ დაუჯერებელ მიზანს - პარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებული კანონის თანახმად, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებას მიმართოს. მე ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიცია დადგებოდა პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდა ამ პროცესს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს. ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაციები მიუღებელია“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. პედაგოგების გარდა ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის სპეციალისტებს. ხელფასის ზრდა შეეხება მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც. ხელფასების ზრდა იქნება ყოველწლიური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში