გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია- ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
''სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს.
საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.
საყავრეს მიმდებარედ მუშაობდა 250 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი. ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს''-წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საყავრეს მიმდებარედ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა განახევრდება. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.