ტურისტული სეზონის "ჩავარდნით" დაზარალებულებს, კრედიტების დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

23 აგვისტო 2019, 16:00 5673 ნახვა

მოქალაქეებს, რომლებმაც სასტუმროს მშენებლობის ან რემონტის მიზნით სესხები აიღეს და მიმდინარე წელს რუსული ემბარგოს გამო დაზარალდნენ, სახელმწიფო დაეხმარება. ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებმა არაერთხელ გამართეს აქცია და  ხელისუფლებას კრიზისის დასაძლევად პროგრამის შემუშავება მოსთხოვეს.

მთავრობის ინიციატივით ახალი პროგრამა რამდენიმე დღეში ამოქმედდება.  ახალი პროექტი ​ - ''თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის'' საქართველოს პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს.

დღეს ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში იმყოფებიან და მოქალაქეებს პროგრამის დეტალებს აცნობენ.

თანადაფინანსების ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანდაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის,  რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო, სესხის დასაფარად სირთულეები შეექმნათ. 

2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მეწარმეებისთვის  სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ს სახელმწიფო დაფარავს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში  კი, 70 %-ის თანადაფინანსება მოხდება. 

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომლებმაც სასტუმროს მშენებლობის გაფართოების, აღჭურვის ან რემონტის მიზნობრიობისათვის სესხი 2019 წლის 30 ივნისამდე აიღეს. სასტუმრო კი 4-დან 20 მდე ნომერს მოიცავდა. 

31 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე თქვა, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის და დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ. 

2 აგვიტოს კი მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარებოდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი