აღკვეთის ღონისძიებად 40 000-ლარიანი გირაო და საზღვრის დატოვების შეზღუდვა

11 აგვისტო 2019, 13:35 1228 ნახვა

5 საათიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეეფარდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა,პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა ქვეყნის საზღვრების დატოვება გამოძიების ინფორმირების გარეშე. რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას, რომ ის გირაოს არ გადაიხდის, მოსამართლის განმარტებით, ეს თავად ნიკა გვარამიას უფლებაა. 40 000-ის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა აქვს.  წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

ქვეყნის საზღვრების დატოვების აკრძალვაზე ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს მის გეგმებს უკავშირდება. ის სხდომის დაწყების წინ აღნიშნავდა, რომ იმ ტელევიზიის ინვესტორები, რომლის დახმარებითაც არხის გახსნას გეგმავს, საზღვარგარეთ იმყოფებიან და მათთან შეხვედრებს ვეღარ გამართავს, ასეთ ინვესტორთა შორის მან ზაზა ოქუაშვილი დაასახელა. კომენტარი მან უკვე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგაც გააკეთა. რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა.

გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა. ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო. „რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერმედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა. 

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი