ტურიზმი თუ მრეწველობა? - ბათუმში ახალი გაზსაცავები შენდება

27 ივლისი 2019, 19:30 1702 ნახვა

ბათუმში  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აპირებს თხევადი აირის უკვე არსებული საცავის გვერდით 7 ახალი რეზერვუარის მოწყობას. ინფორმაცია ამის შესახებ, პირველად ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებმა“ გაავრცელა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს   11 ივლისს მიმართა და სკოპინგის ანგარიშიც წარუდგინა. 8 აგვისტოს კი, ბათუმის მერიაში პროექტის საჯარო განხილვა ჩაინიშნა.

სამინისტროსთვის გაგზავნილი სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელს, გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

სკოპინგის ანგარიშში საუბარია პროექტის ეკოლოგიურ და სამრეწველო რისკებზეც, რომელმაც შესაძლოა საქმიანობის განხორციელების პროცესში იჩინოს თავი.  გარდა საჯაროდ ატვირთული ამ დოკუმენტისა, სხვა დეტალები ისევ უცნობია.  „ბათუმის ნავთობტერმინალში“  ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს. კომენტარზე უარი გვითხრეს ბათუმის მერიაშიც, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სკოპინგის დოკუმენტი მათთან ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.  

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში