სახელმწიფომ ხელი დაიბანა, ახლა უყურებს როგორ მოვილაპარაკებთ ორი კერძო სუბიექტი - დავით დვალი

22 ივლისი 2019, 18:05 1687 ნახვა

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ ის და ჯარჯი აქიმიძე დღეს ქიბარ ხალვაშის კეთილი ნების ამარა არიან. საქმეში სახელმწიფომ ხელი დაიბანა და ახლა შორიდან უყურებს როგორ მოილაპარაკებს ორი კერძო სუბიექტი.

ამის შესახებ დავით დვალმა tv პირველის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

​''სახელმწიფო არის გაწეული გვერდზე თავისი შეჩერებული და თაროზე შემოდებული გამოძიებით. ჩვენ ვართ ქიბარ ხალვაშის, სიტყვის ამარა, ანუ მისი კეთილი სიტყვის ამარა... მას სრული უფლება აქვს ეს სიტყვა შეასრულოს ან არ შეასრულოს.. ეს არ არის არანაირი ვალდებულება მისი მხრიდან და მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვერ დავადანაშაულებ, რომ ''ქიბარ შენ რატომ სხვანაირად გააკეთე''. ჩვენ არ გვაქს სამართლებრივი ბერკეტი, გვაქვს მხოლოდ მისი კეთილი ნება და ეს არის პრობლემა, პრობლემა სახელმწიფოში და არა ქიბარში... გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ხელი დაიბანა და უყურებს ახლა როგორ მოვილაპარაკებთ ორი კერძო სუბიექტი ერთმანეთში'' - თქვა ეთერში დავით დვალმა. 

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, რომელიც უნდა აღიაროს.

მისივე თქმით, სამართლებრივი დავა არასდროს შეწყვეტილა და გრძელდება. 

''ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვწყვეტთ სამართლებრივ ბრძოლას. ყველა ეტაპზე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ ბრძოლა გრძელდება. როგორი კეთილი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ ამბავს, მე მჭირდება პირველ რიგში სახელმწიფოსგან აღიარება, რომ მან 2004 წელს ჩვენს მიმართ ჩაიდინა დანაშაული - ეს აუცილებელია... სიტყვაზე ვიძახი ის, რომ ქიბარ ხალვაში მომცემს ან არ მომცემს, მივაღწევთ რაიმე შეთანხმებას, ან ვერ მივაღწევთ, როგორც არ უნდა დამთავრდეს, არანაირად არ ჩაანაცვლებს, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლებრივ შეფასებას და სამართლებრივ ფინალს'' - ამბობს დვალი.

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის თქმით, მზადაა, ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დავით დვალთან ერთად სტრასბურგში განაგრძოს. 

2017 წელს „რუსთავი 2“-ის ორივე დამფუძნებელი და ქიბარ ხალვაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმდნენ: თუ ხალვაში ''რუსთავი 2''-ის დავას მოიგებდა, წილის 50%-ს აქიმიძესა და დვალს დაუბრუნებდა, არხის გენერალურ დირექტორად კი დვალს დანიშნავდა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელად ქიბარ ხალვაშმა პაატა სალია დანიშნა, გადაწყვეტილება 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მიიღო. 

პაატა სალია ხალვაშის ადვოკატია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი