სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 2 კილომდე ჰეროინი.
სამართალდამცველებმა შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ, ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო.
''რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.