დაისჯება ყველა ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა და ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა - სულიკო თებიძე 

16 ივლისი 2019, 12:07 1883 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. 

სულიკო თებიძემ თქვა, რომ სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა და ის ვინც ძალას გადაამეტა. 

''შეკრებილები გულმხურვალედ აპროტესტებდნენ ქვეყნის ოკუპაციას, მაგრამ სამწუხაროდ პროცესებში ჩაერთო დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციური ძალები. მათი მოწოდებებით და ქმედებებით, წაქეზებული მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე 2 საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცველი, სამწუხაროდ დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, რომელთაგან რამდენიმემ თვალი დაკარგა.

მე ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის მცდელობა. დღეს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის ადამიანის უფლებების დაცვა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ყველა ის პიროვნება, ვინც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ყველა ის პოლიციელი ვინც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა სასტიკად დაისჯება,'' - თქვა სხდომაზე სულიკო თებიძემ.

გამოსვლას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების პროტესტი და რეპლიკა მოჰყვა. მირდატ ქამადაძემ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, იგორ როდიონოვის გამოსვლას შეადარა.

როდიონოვი რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი, თბილისის 1989 წლის 9 აპრლის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი იყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი