ქობულეთში ფიჭვნარის ზღვისპირა პარკის მოწყობა არ დასრულებულა, თუმცა 1.200 მეტრიან პერიმეტრზე, სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, დაიგო ფილები და გაკეთდა ქვის მოაჯირები. სანაპიროს აღდგენილი მონაკვეთის ნაწილი ზღვას ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც მისი ტურისტული დანიშნულებით გამოყენება ვერ ხერხდებოდა. სანაპიროს ამ მონაკვეთზე, პირველ ეტაპზე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რითაც შემცირდა შტორმის დროს სანაპიროზე ტალღების ზემოქმედება. მოეწყო ბულვარი, რითაც გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები - პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დღეს პრემიერ მინისტრსაც დაათვალიერებინეს.
პროექტს ჯამში 9,005,779 ლარი მოხმარდა. 2 მილიონი ლარი 2,214,967 ლარი მსოფლიო ბანკის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
პროექტი ჯერ კიდევ 2017 წელს, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. სამუშაოები ჭიანურდებოდა, მაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
"2018 წლის 1 მაისს, ხელშეკრულება არსებულ კონტრაქტორ კომპანიასთან შეწყდა და სამუშაოები სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ გააგრძელა. 2018 წლის საზაფხულო სეზონისთვის სანაპიროს ნაწილი დასრულდა, ხოლო წელს უკვე სანაპიროს სრული 1.2 კილომეტრიანი მონაკვეთი აღდგენილია" - წერია უწყების ინფორმაციაში.
პრემიერმა თქვა, რომ ეს პროექტი სანაპიროზე გარეგანათების გამოცვლას, ველობილიკის დახაზვას და ტერიტორიის უფრო მეტად გამწვანებას ითვალისწინებს, თუმცა წლევანდელ სეზონზე ეს ვერ მოესწრება. სამუშაოები სექტემბერში განახლდება.
პრემიერი მინისტრი ირწმუნება, რომ მომავალ სეზონზე არა მხოლოდ ფიჭვნარის ეს მონაკვეთი, არამედ მთლიანად ქობულეთის სანაპირო ზოლი და პლაჟები მოწესრიგდება. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ქობულეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მისი ათვისება უნდა დაიწყოს.
პრემიერმა ივნისში ტურისტულ ემბარგოზე და ამის გამოწვევებზეც ისაუბრა. ფიქრობს, რომ ამ გამოწვევას ხელისუფლება და კერძო სექტორი ერთობლივად გაუმკლავდებიან.
პრემიერთან ერთად სანაპიროზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ხელისუფლება მიმდინარე სეზონზე არსებული გამოწვევების ფონზე მოსახლეობას საბანკო სესხებთან დაკავშირებით ფინანსურად დაეხმარება, საუბარია თანადაფინანსებაზე, თუმცა რა ფორმით და კრიტერიუმებით, როგორც ამბობს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი
ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური