დღის კიდევ ერთი მთავარი თემაა ქარელის ვიცე-მერის გადადგომა. ცნობისთვის, ქარელში ეკომიგრანტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქო ისევ არ გამოხმაურებია, კომენტარს არ აკეთებენ ადგილობრივ ეპარქიაში. არადა ვიცე-მერი სავარაუდოდ ამ თემის გამო გადადგა - „მთავართან“ სატელეფონო საუბარში ნუგზარ დაბრუნდაშვილი ამბობს, რომ მას „აღარ აქვს ეკლესიასთან ბრძოლის სურვილი.“
აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ქარელში - ადგილობრივები შევიწროებაზე ღიად საუბრობენ, მართალია რელიგიურ კონტექსტს ისინი ხაზს არ უსვამენ, თუმცა გვიყვებიან, რომ საძოვრებით პრაქტიკულად ვეღარ სარგებლობენ.