საინტერესო ახალგაზრდა თაობა მოდის და მათ მინდა დავუთმოთ ლიბერალის პლატფორმა - შორენა შავერდაშვილი

23 ივნისი 2019, 18:02 1761 ნახვა

''ლიბერალის'' დამფუძნებელი და ჟურნალისტების განცხადების მთავარი ადრესატი, თანამშრომლებს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა. 

შორენა შავერდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა მოდის და სწორედ მათ უნდა დაუთმოს ლიბერალის უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც. 

რედაქტორი აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის ქვეშ მყოფი მედია ყოველთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყო. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

''ძვირფასო ჟურნალისტებო და "ლიბერალის" გულშემატკივრებო,
ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ აქაც დავწერ, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ საჯარო განცხადებას არ ვაქვეყნებ.
ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ "ლიბერალი" და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც.
სწორედ ასე პოზიციონირდა "ლიბერალი" 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა. 
ამ პრინციპეპზე დაყრდნობით ვაგრძელებ "ლიბერალის" გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, "ლიბერალს" ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა.
მიხარია, რომ "ლიბერალის" (იქამდე კი "ცხელი შოკოლადის") წიაღში გამოიზარდა ჟურნალისტების და საინტერესო ავტორების უკვე არაერთი თაობა, ვინც მკითხველის ნდობა მოიპოვა და დღემდე აგრძელებს "საჯარო სიკეთის" სამსახურს, სხვადასხვა ფრონტზე. 
რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადჰყო, მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ ლიბერალის უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც! მომავალი მათია...'' - წერია პოსტში. 

„ლიბერალს“ ჟურნალისტებმა რედაქციის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში