თუ გამოხატვის თავისუფლება მორალს ეწინააღმდეგება, შეიძლება შეიზღუდოს — საპატრიარქო პრაიდზე

17 ივნისი 2019, 18:18 1918 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათი აზრით, „თბილისი პრაიდის“ „ორგანიზატორები და ხელშემწყობნი იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან“.

საპატრიარქოს განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს, თუ იგი ქვეყანაში მორალურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქმნის რეალურ საშიშროებას. 

''ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც.

ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად  მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.

როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად.

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს'' - წერია განცხადებაში.

საპატრიარქო იმედს გამოთქვას, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას", — ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი