მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დავით სერგეენკო იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის ერთგული წევრი - ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედია დაინტერესდა ტოვებს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას.
''მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ მუდმივად იქნება, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამის შესახებ გაიგებთ'' - თქვა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება პრემიერის თანამდებობიდან წასვლის საკითხს, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ეს ჭორია, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ აქტიურად საუბრობენ.
''ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან მუდმივად ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციებს. ეს ყველაფერი არის არასერიოზული და სერიოზულად პასუხის გაცემაც გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და პარლამენტის წინაშე. ასეთი ჭორები ალბათ მომავალშიც გაგრძელდება'' - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თანამდებობის დატოვების შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კი, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა.