პარლამენტი ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ცდილობს  - მესამე სექტორი

14 ივნისი 2019, 14:58 2272 ნახვა

კოალიცია  მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც თავში 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, პარლამენტისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივას, ცვლილებები შეიტანონ კანონში და "ჩარჩოებში მოაქციონ" გამოხატვის თავისუფლება საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 

უფრო კონკრეტულად კი, კოალიცია პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ დაჩქარებული წესით დააანონსა "მაუწყებლის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები, რომელიც მისი თქმით, ერთმანეთისგან გამოხატვის თავისუფლებას და სიძულვილის ენას გამიჯნავს.  პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ თუ შეზღუდვა დაწესდება, "მას ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოაქცევენ".   

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს.

"კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს" - წერია კოალიციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა.

"სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩათვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა საფრთხეები გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, თუკი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ქცევის წესების დაცვაში სასამართლო ან ხელისუფლების სხვა ორგანო ჩაერეოდა და 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში განაცხადა:

„გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.” - წერია განცხადებაში. 

კოალიცია მიესალმება იმას, რომ კომისია სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვების ფაქტები შეამციროს, თუმცა მიიჩნევენ, რომ კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელი გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. "მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში