სამართლიანი არჩევნები საუბნო კომისიების წევრთა შერჩევას ეხმაურება

21 აგვისტო 2016, 00:00 2390 ნახვა

 

19 აგვისტოდან საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა დაიწყო, რომელიც კანონის თანახმად, 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცესის ხარვეზებით წარმართვასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, „სამართლიანი არჩევნები“. განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. “ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელშიც ასევე საუბარია სხვა ოლქებში არსებულ ხარვეზებზე. “სამართლიან არჩევნებში” მიიჩნევენ, რომ პროცესი ღია უნდა იყოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ხოლო თუ აღნიშნული სიების შედგენა წინასწარი განხილვის გარეშე ხდება, ეს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს. 

ამავე კატეგორიაში