''ერთი ან რამდენიმე თანამშრომლის პოზიცია და ქმედებები ორგანიზაციის ან თანამშრომელთა გუნდის პოზიციას არ ასახავს'' - წერია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წერილის ადრესატები, სავარაუდოდ, კლინიკის ის თანამშრომლები არიან, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავენ და საავადმყოფოს, შესაძლო, გასხვისებას აპროტესტებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალ სივრცესა და პირობებში მუშაობა სხვა მედიკოსებსაც ეჩქარებათ.
''ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან გვეჩქარება, რომ მოგვეცეს ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი „მოუთმენლობა“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიახლის სურვილთან. უბრალოდ არსებულ პირობებში მუშაობის მზარდი სიძნელე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხარვეზები იწვევს ჩვენი პაციენტების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ძალიან მტკივნეულია'' - აღნიშნულია წერილში.
გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
''ჩვენი დაწესებულება წარმოადგენს საზოგადოების მხოლოდ ერთ შემადგენელ ნაწილს და გასაგებია, რომ საზოგადოების განწყობა ამა თუ იმ ინტენსივობით აისახება დაწესებულების თანამშრომლებზე. არ შეიძლება რომ ორგანიზაციაში სადაც 500-ზე მეტი ადამიანი შრომობს ყველას ჰქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება საკითხებისადმი. გამომდინარე აქედან საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლების სხვადასხვა რაოდენობა აფიქსირებდა მოსაზრებების იმ მრავალფეროვნებას, რაც შესაბამისი და მოსალოდნელია არსებულ პირობებში. სწორეთ ეს გარემოება და მედიკოსთა ჰუმანიზმი გახდა იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია არ წარმოჩნდა როგორც ერთიანი მონოლითური გუნდი, და ცალკეული თანამშრომლების საზოგადოებრივი აქტივობა არ გახდა ჩვენი განხილვის ან კონტრქმედებების საგანი.
რესპუბლიკური საავადმყოფო კვლავაც აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, და რჩება ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში. ჩვენ მზად ვართ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას რაც თანამედროვე მედიცინის განვითარებას უკავშირდება. გარწმუნებთ, ჩვენი დაწესებულების თანამშრომელთა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ინფრასტრუქტურის პირობებში სრულფასოვნად განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი მაღალი დონის სამედიცინო დახმარების სტრატეგია.
ბოლო პერიოდში ჩვენი დაწესებულება საქმიანობს „მშენებლობის ეპიცენტრში“. რამოდენიმეჯერ შეიცვალა, შემცირდა და ტრანსფორმირდა ჩვენი მოქმედების არეალი. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ჩვენი იმედი, მომავალი, ჩვენს თვალწინ იძენს რეალურ სახეს. ჩვენი ახალი კორპუსი, დღეს უკვე არის ჩვენი ქალაქის არქიტექტურის ჰარმონიული ნაწილი. ჩვენ, რათქმაუნდა ძალიან გვეჩქარება, რომ მოგვეცეს ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. ჩვენი „მოუთმენლობა“ არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიახლის სურვილთან. უბრალოდ არსებულ პირობებში მუშაობის მზარდი სიძნელე, ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული ხარვეზები იწვეწვს ჩვენი პაციენტების უკმაყოფილებას, რაც თავის მხრივ ძალიან მტკივნეულია'' - წერია განცხადებაში.