აუცილებელია შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

04 ივნისი 2019, 12:31 3069 ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას ეხმიანება. გუშინ, 3 ივნისს, ნათია ზოიძემ ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს და არჩევნებს პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული განცხადებები კითხვის ნიშნებს აჩენს და საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებში პოლიტიკურ საფუძველს აძლიერებს.

''კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესებში ჩართულმა ყველა პირმა  უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რათა შევინარჩუნოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებელი მაუწყებელი.

ასევე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ.  კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ყურადღებით აკვირდება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი ისაუბრებს საჯაროდ და პროცესების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინვე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის ღია წერილს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა ასევე წერილით უპასუხა. 

კიდევ ერთმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ კი თქვა, რომ მას სამთავრობო კანდიდატის არჩევას სთავაზობდნენ.

31 მაისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 8 კანდიდატიდან, მრჩეველთა საბჭომ ვერც ერთი ვერ აირჩია. პირველ მცდელობაზე მაუწყებლის ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა. თითო-თითო ხმა კი მიიღეს ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ. 

განმეორებითი კენჭისყრის დროს, მრჩეველთა საბჭოს არც ერთმა წევრმა მისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში