ბათუმის მერს იმედი აქვს, რომ ყველაფერი ''თავის ადგილზე დალაგდება''

31 მაისი 2019, 12:36 3376 ნახვა

მერიის მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ბათუმის მერმა პირველი კომენტარი გააკეთა. ლაშა კომახიძე სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ელოდება, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.

''ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან თითოეულ დაკავებულს კარგად ვიცნობ.  ისინი მუნიციპალიტეტში საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობდნენ. მაღალი კვალიფიკაციის კადრები არიან, შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილებით. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება. მინდა ვთქვა, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი და ყველა მისი სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში, შეუფერხებლად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობას. ამ ეტაპზე მეტი კომენტარი არ იქნება'' -უთხრა ჟურნალისტებს ლაშა კომახიძემ. 

მედია დღეს კითხვები  ''იაფი სახლის'' პროექტთან დაკავშირებით ჰქონდა, თუმცა მერს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია. 

გუშინ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები - საქმე „იაფი სახლის“ პროექტს და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება.

 პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს - ყველას ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი