საგარეო უწყებაში არ იციან გაჰყავს თუ არა დავით გარეჯში აზერბაიჯანულ მხარეს გზა /ვიდეო/

23 მაისი 2019, 19:13 1602 ნახვა

სოციალურ ქსელში, ადგილობრივი მოსახლე, გიდი ზვიად ანანიაშვილი  ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაყავს. 

გზის გაყვანის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ინფორმაციას აზუსტებენ. მას შემდეგ, რაც დავით გარეჯის მონასტერში, ბერებს შესვლა აუკრძალეს და საზღვართან აქციები იმართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისია შეიქმნა. კომისიის მორიგი სხდომა კი ბაქოში იმართება. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

ვრცელდება გზის გაყვანის ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფაქტზე კომენტირებისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ინფორმაციას ამოწმებენ, არსებულ ვითარებას კი სწორედ ამის შემდეგ შეაფასებენ. 

მინისტრი ყველას მოუწოდებს, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.

ზალკანიანის განცხადებით, ბაქოში პარალელურ რეჟიმში დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. ყველა ინფორმაცია კი ამ კომისიის ფარგლებში გადამოწმდება. 

''ამ წუთებში​ ვრცელდება ეს ინფორმაცია. მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. ჩვენი შეხვედრის პარალელურად, ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. დღეს და ხვალ არის დაგეგმილი მუშაობა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე, ყველა ეს საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. ორი საათია მთავრობის სხდომაზე ვიმყოფები. ეს ინფორმაცია ახლა გავრცელდა საინფორმაციო საშუალებით. უნდა გადამოწმდეს რომელ ტერიტორიაზეა, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს თუ არა. ამ ფაქტზე ჩვენი მესაზღვრებისგან ზუსტი ინფორმაცია მჭირდება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში