შსს: დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას - რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად

17 მაისი 2019, 10:38 1780 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად" - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.

პოლიცია უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებია დაგეგმილია.  

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის პარალელურად, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. საპატრიარქო ამ ინიციატივას, მეხუთე წელია პომპეზურად აღნიშნავს - სასულიერო პირები, მრევლი და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მსვლელობებს აწყობენ

ოჯახის სიწმინდის დღე, 2014 წელს დაარსდა, 2013 წელს ჰომოფობიასთან მებრძოლი მოქალაქეებისა და ლგბტ თემის დარბევის შემდეგ.

მას შემდეგ, ყოველწლიურად საჯაროდ შეკრებილ მოქალაქეებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს, კონკრეტული ჯგუფები თავს ესხმიან, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. 

ბოლო წლებია ამ ჯგუფებს თავდამსხმელებისგან პოლიციის კორდონები იცავს, თუმცა ინციდენტები მაინც ხდება. 

სამართალდამცველების საგანგებო მობილიზაცია, 2013 წლის შემდეგ გახდა საჭირო. ლგბტ თემისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების აქცია, 2013 წლის 17 მაისს დაარბიეს. ქართული ეკლესიის სასულიერო პირები, მრევლისა და მოქალაქეების ნაწილი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ღონისძიების მონაწილეებს.  მათ დასდევდნენ ''ტაბურეტკებით'', ესროდნენ ქვებს, ხელკეტებით ემუქრებოდნენ, აგინებდნენ და ცემდნენ. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში