დაპირისპირება ზუგდიდში - ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს /სიუჟეტი/

16 მაისი 2019, 18:00 2250 ნახვა

ხმაური იყო ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა, დღის წესრიგში შეეტანათ  სამაგიდო სიებისა და რეგისტრატორის ბეჭდებზე მსჯელობის შესახებ საკითხები. ოპოზიცია ამბობდა, რომ ''დაუცველ უბნებზე'' სიების გადატანაზე პასუხისმგებელი პირების საკითხზე და ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, მათ პასუხისგებაში მიცემის საკითხები აუცილებლად უნდა განეხილათ".

განახლებული:

ოპოზიცია ასევე აპროტესტებდა სპეციალური სიების დამტკიცებას, სადაც მათი თქმით, ისეთი ადამიანები არიან შეყვანილები, რომლებიც ზუგდიდში რეგისტრირებულები არ არიან. განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. 

''მითითებული აქვს მაგალითად ხონი, გარდაბანი, წალენჯიხა და ა.შ. ლოკაციის ადგილი კი ზუგდიდია. ასეთი 200-ზე მეტი ადამიანია ერთ სიაში. ამიტომ ეს სიები ჩვენ არც დაგვირიგეს, ისე მოხდა კენჭისყრა. ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლები უყრიან კენჭს იმას, რაც უნდა ოცნებას. ეს მექანიზმიც ჩვენ აღმოვაჩინეთ. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასაყენებელია. თამარ ჟვანია პირადად უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და პასუხი აგოს ზუგდიდის არჩევნებზე. 

ჩვენმა კომისიის წევრმა საკითხი დღის წესრიგში დააყენა. მე წარვუდგინე დამატებით ვიდეომასალა, მაგრამ არ უყარეს კენჭი, მასალა ენახათ და განეხილათ. სპეციალური სიები ჩვენ არ მოგვაწოდეს, ამ სიებით ცდილობენ ზუგდიდის ლოკაციაზე მიაწერონ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლების სხვაგან არიან დარეგისტრირებულები,'' - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მიუხედავად დაპირისპირებისა, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილება მიიღო და სიები დაამტკიცა.

მისი თქმით, პროცედურულად კანონი არ დარღვეულა.  "ოპოზიცია ცრუობს. არანაირი დარღვევა არ არის. წავიკითხოთ მუხლები. შეგიძლიათ განკარგულების ასლებიც გაიტანოთ და ნახოთ. ზუსტად ის კატეგორიაა მითითებული, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს გადაადგილებას", - განაცხადა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა. 

ოპოზიციამ მირანდა მესხის გადაყენება მოითხოვა, რადგან მას "ოცნების" ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ და არა ცესკოს წარმომადგენლად.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი