ისევ დაშავებული მუშები და ისევ კითხვები - იცავს თუ არა არსებული კანონმდებლობა დასაქმებულს? დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პანორამა თბილისის მშენებლობაზე დასაქმებული სამი მუშა ჩამოვარდა ხარაჩოდან. სამივე მათგანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ობიექტზე, სადაც შემთხვევა მოხდა, შრომის ინსპექტორებს არ უშვებდნენ, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას ობიექტის ხელმძღვანელებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.
ადგილზე მისულმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ უსაფრთხოების ნორმებზე ობიექტი შემოწმებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ისინი აცხადებენ, რომ ობიექტის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი პრივილეგიებით სარგებლობს და არ იცავს კანონს, მათ შორის არც უსაფრთხოების ნორმებს. ოპოზიციონერები მომხდარის ობიექტურ გამოძიებას და ობიექტის ხელმძღავნელების დასჯას ითხოვენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული და რამ გამოიწვია მუშების დაზიანება, ეს ახლა ოფიციალურად ინსპექტორებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც უნდა გამოიკვლიოს.