''მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება'' - მესამე სექტორი მოსამართლეების პროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა

15 აპრილი 2019, 00:00 1043 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ​ ''საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.

დღეს კი, მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. დეპუტატების ნაწილი და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მოითხოვენ, რომ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ განიხილონ.

"მმართველი გუნდი  ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება, ისე გააქვს კანონი მეორე მოსმენით, რაც მიუთითებს, რომ არაფერი აინტერესებს,"-  აცხადებს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.   მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასამთავრობო ორგანიზაციების, ვენეციის კომისიისა და ოპოზიციის აზრი არ აინტერესებს. 

„მათი ერთადერთი ამოცანა და ერთადერთი დღის წესრიგი დღეს ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით სასამართლო ხელისუფლებაში ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მმართველობა შეინარჩუნონ, მმართველ გუნდს არც საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია აინტერესებს, რომელიც ზიანდება, როდესაც ვენეციის კომისიის აზრს ასე უგულვებელყოფს – თქვა ბოკუჩავამ.

“ქართული ოცნება” სამოქალაქო სექტორის კრიტიკას არ იზიარებს. უარყოფენ ბრალდებას, რომ მმართველი გუნდი პროცესის დაჩქარებას ითხოვს.

''მოვისმინეთ პოზიცია, თითქოს საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ხელისუფლებამ თურმე, პოზიცია შეცვალა და არ ველოდებით ვენეციის კომისიას. არ არის ეს სწორი შეფასება. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ხვალ. შესაბამისად, პლენარულ სხდომამდე ვენეციის კომისიის შემოთავაზებები იქნება გათვალისწინებული, განხილული და ასახული პლენარულ სხდომაზე,'' – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, მოსამართლეთა არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება, გედევან ფოფხაძემაც მოითხოვა, რომელსაც ​''ქართული ოცნების'' დეპუტატმა უპასუხა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ კომიტეტზე კანონპროექტს განიხილავენ.  პირობა, რომელიც ვენეციის კომისიასთან დადეს დაცული იქნება.

კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისინი კომიტეტზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით მივიდნენ. ''კლანი უნდა წავიდეს'' - ასე ფიქრობს მესამე სექტორი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი