სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის გამო ხელვაჩაურის პოლიციაში ავთანდილ მსხალაძე გამოკითხეს. პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი და მოძრაობა „სიტყვის კაცების“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც ესწრებოდნენ.
იურისტის პაატა დიასამიძის ინფორმაციით, საქმეს არც სამართლებრივი შეფასება და არც კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „ბიჯი თრეიდის“ მფლობელის წერილობითი საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს მოკვლევა.
საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში 21 მარტსაა შესული. კომპანიაში გუშინ ირწმუნებოდნენ, რომ მათ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ 112-ზე განახორციელეს სატელეფონო ზარი.
კომპანიის იურისტი საჩივართან და კომპანიის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბიჯი თრეიდი„ ქედქედში მცირე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას გეგმავს, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.