"ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ხორციელდება მუდმივი გამოწვევა და აგრესია, გამოხატავენ ზიზღს ჩვენს მიმართ, გვაყენებენ შეურაცხყოფას, მიმართავენ სხვადსხვა ხერხს, რომ მიგვიყვანონ უკიდურეს მდგომარეობამდე. ამგვარ გამოწვევებს აქვს მუდმივი სახე, რაც არის მიხეილ კანდელაკის (ბათუმის #3 სასაჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი) მეთოდი და რაც სამწუხაროდ გამოსდით ხოლმე, ამწარებს პატიმრებსა და მისი ოჯახის წევრებს" - ერთობლივი წერილი პატიმრებმა ბათუმის #3 საპყრობილიდან 67 ადრესატთან - პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, მინისტრებთან, ძალოვან უწყებებსა და პარლამენტარებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან გაუგზავნეს. 18 მარტს გამოგზავნილი წერილის ადრესატი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც არის, თუმცა გამოგზავნილი წერილი ამ დრომდე ჩვენამდე არ მოსულა. წერილის ელექტრონული ვერსია, მედიასაშუალებებს პატიმრის ადვოკატმა გადმოგვცა.
4 დღის წინ, 31 მარტს კი, პატიმრებმა, პროტესტის ნიშნად, მავთულით თვითდაზიანებები მიიყენეს. ისინი ითხოვენ, დროულად მოხდეს რეაგირება.
"კანდელაკი (#3 საპყრობილის ხელმძღვანელი) ამგვარი მეთოდებით ცნობილია ყველასთვის... მისი დავალებით ძალადობენ, ყველა გზით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ და სასჯელი დაგვიმატონ. გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებს, ოჯახის წევრებთან პაემნებს და პირად მიმოწერებს. ასევე, უკანონოდ გვათავსებენ ''ვანდალურ'' საკნებსა და კარცერებში, სადაც განზრახ მივყავართ უმძიმეს მდგომარეობამდე. ამჟამადაც ვიმყოფებით საწამებელ საკანში" ... ვიკვებებით პირდაპირ პოლზე, არცერთ საკანში არ იღება ფანჯარა და არის ღია საპირფარეშო. როცა ღამით წყალს გვითიშავენ გაუსაძლისი მდგომარეობაა. მერე შემოდიან გვართმევენ კალმებს, რომ არ დავწეროთ საჩივარი. ვითხოვთ პატივისა და ღირსების შეულახავად ვისარგებლოთ ტუალეტით, ისე რომ კამერა არ გვიყურებდეს, რასაც კანონის 26 მუხლი ითვალისწინებს,'' - წერია პატიმრების 39 გვერდიან წერილში.
პატიმრები ირწმუნებიან, რომ ციხის უფროსისა და მოადგილის დავალებით ვიზიტებზე ექიმები განზრახ არ მიჰყავთ და ამაში მთავარი ექიმიც მონაწილეობს.
წერილში პატიმრები ყვებიან, რომ ერთი საათით ეზოში სასერინოთ, რაც მათ კანონმდებლობით აქვთ განსაზღვრული, ამბობენ რომ უწყევტად არ აქვთ წყალი და სუფთა ჰაერი.
''საკნებში, ერთი და იგივე დროს, ღამის სამი საათიდან დილით 07:30-მდე წყალს გვითიშავენ. ამ პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. უწყლობისას მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება და ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში. ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც ჯანმრთელობის მოსპობას, განადგურებას, ფიზიკურ წამებასა და ტანჯვას იწვევს''. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულები წერენ, რომ ღამის საათებში, ისევე როგორც წყალი, სავენტილაციო სისტემა ითიშება.
პატიმრების მტკიცებით, აღნიშნული ფაქტების შესახებ სხვადახვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
პატიმრების ბრალდებებზე, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობრივ, ცინიკურ და დისკრიმინაციულ საუბრობენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ამ ეტაპზე პასუხი არ გაუცია. უწყება ადასტურებს იმას, რომ პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენეს, არაადაკვატურად იქცეოდნენ და არ განუმარტავთ ასეთი ქცევის მიზეზი.
რაც შეეხება ღამის საათებში წყლისა და ვენტელაციის გათიშვის საკითხს, უწყებამ წერილობით გაავრცელა ინფორმაცია.
"მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.
რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში" - წერია სასჯელარსრულების დეპარტამენტის გავრცელებულ წერილში.