ოპოზიცია ხელვაჩაურის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს 

03 აპრილი 2019, 00:00 1712 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. თქვეს, რომ ხელვაჩაურში მმართველობა და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. 

თემურ დუმბაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში პროექტები შეფერხებით ხორციელდება და ასევე იკვეთება კორუფციის ნიშნები. მაგალითად კი ახალშენის კულტურის სახლის შემთხვევა მოიყვანა.

''თქვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში ხდება, აიღეთ მორალური პასუხისმგებლობა და დატოვეთ თანამდებობები'' - თქვა ბრიფინგზე თემურ დუმბაძემ.

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, სხვა პროექტებითაც დაინტერესდნენ.  

''ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტების შესახებ, ჩვენ მოვითხოვეთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ამ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დავალებით უმრავლესობის არცერთი წევრი არ გამოცხადდა, თავი აარიდეს პრობლემებზე საუბარს. უნდა შეიცვალოს ხელვაჩაურში მენეჯმენტი და უნდა მოვიდნენ კეთილსინდისიერი ადამიანები. არც მერს არც საკრებულოს თავმჯდომარეს არა აქვთ მორალური უფლება თანამდებობაზე დარჩნენ. გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს. მივმართავთ პროკურატურას არამარტო ამ პროექტზე, არამედ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ყველა საკითხზე.  პროექტებისთვის თანხები ჩარიცხულია და მაგრამ არ ხორციელდება. ხალხის ფული კორუფციულ გარიგებებში იფლანგება'' - განაცხადა ბრიფინგზე თემურ დუმბაძემ.

ხელვაჩაურის მერი გადადგომას არ აპირებს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, ყველა დამნაშავე დაისჯება, ბრალეულობას კი შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.  

''გასაკვირი იქნებოდა, ''ნაციონალურ მოძრაობას'' ეს არ მოეთხოვა. ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს მათი სტილია, უბრალოდ თქვან ის რაც სურთ, რაც ესიზმრებათ. არიან კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც სწავლობენ შესაბამისს საკითხს. ხშირად ნაციონალური მოძრაობა აპიელირებს სიტყვით ''სისტემა'', პოლიტიკური სისტემისათვის ვინმე განსაკუთრებულად მდგომი პირი არ არის. თუ ვინმე დამნაშავეა, ის ისჯება. გადავდგები თუ არა? რატომ? თუ ვინმეს ბრალეულობა გამოვლინდა დაისჯება, ეს მომენტია. ფაქტია, რომ გამოვლინდა ხარვეზი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაო და შესაბამის ორგანოები საკითხს იკვლევენ. ​ნაციონალური მოძრაობა რა კუდს მოაბამს და რა ოცნებას დაიწყებს მათი საქმეა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ხელვაჩაურის მერმა.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი