ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების განცხადება

30 მარტი 2019, 00:00 1201 ნახვა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები,  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანებიან. „ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა, დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს.

„ქართული ოცნება” უკვე შვიდი წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.

რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი „მუჯლუგუნების” შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით! სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც.

ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს. გმადლობთ ყურადღებისათვის”, – აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ერთობლივ განცხადებაში. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმი გაიხსნება. მანამდე, ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ის, ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დღემდე გამოუძიებლობა ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი