ბათუმელებს აქვთ შანსი მერს და სამინისტროს კარბამიდის ტერმინალის საქმე მოუგონ -

13 მარტი 2019, 00:00 1530 ნახვა

"მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე თვლის, რომ ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის შესახებ მერის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კანონის შესაბამისი  გადაწყვეტილება არ მიიღო, როცა გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე თქვა უარი. ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ კი არ გამოიყენა მის ხელთ არსებული რესურსი, რომ დამატებითი კვლევები მოეთხოვა გადაწყვეტილების მისაღებად. 

"ნებისმიერ ორგანოს ნებართვის გაცემამდე აქვს უფლება მოითხოვს დამატებითი კვლევის ჩატარება, ამის უფლებას მას კანონი აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობთ, არ იყო კანონთან შესაბამისობაში. ვინაიდან, გადაწყვეტილების მიუხედავად არ ცხრებოდა საზოგადოებრივი პროტესტი და ადამიანებს კვლავ დარჩათ კითხვები ამ საწარმოსთან დაკავშირებით, მერს შეეძლო მოეწვია თუნდაც სპეციალური კომისია, საბჭო და ა.შ.  სამწუხაროდ, არც სამინისტრომ და არც მერმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ საზოგადოების კითხვებზე პასუხი გაეცათ," - ფიქრობს ნინო გუჯარაიძე.

ორგანიზაციის დირექტორი მიიჩნევს, რომ საჯარო უწყებები არ ელოდებიან საზოგადოებიდან გადაწყვეტილებებზე რეაქციას, ამიტომ იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა "აღმოჩნდა, რომ ეს ის შემთხვევა არ იყო". 

"საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ გაასაჩივრონ როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე მერიის გადაწყვეტილება და უკვე სამართლებრივი გზებით მოითხოვონ კვლევის ჩატარება. დარღვევები იყო, როგორც პროცედურული სახის, ასევე დაირღვა ვადებიც. თავად გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად კანონთან შეუსაბამო" - ამბობს "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი. 

"მწვანე ალტერნატივა" ასევე მიიჩნევს, რომ სამინისტროსა და პორტის ადმინისტრაციის კომუნიკაცია გასცდა კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს, როდესაც განიხილავდა გზშ-ს საკითხს, ანუ სჭირდებოდა თუ არა ქალაქის ცენტრში ტერმინალის მშენებლობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთება.  

"თუ კი სამინისტროს გადაწყვეტილების ტექსტს ჩავხედავთ, ფაქტიურად სამინისტრო უთითებს კომპანიას რა იყო მის დროზე დოკუმენტაციაში სწორი და რა არასწორი და რა იყო გამოსასწორებელი. მსგავსი მითითებების გაცემის უფლება კი სამინისტროს არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამინისტრომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როდესაც კომპანიასთან ასეთ საკონსულტაციო მოლაპარაკების რეჟიმში შევიდა... კანონით, პორტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სამინისტროს მკაცრად უნდა მიეღო გადაწყვეტილება უნდა დაქვემდებარებულიყო თუ არა საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნებართვა, რომელშიც უნდა შესულიყო ცვლილება, გაცემულია ათი წლის წინ". 

ორგანიზაცია განმარტავს თუ რას ნიშნავს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, რაზეც უარი თქვა გარემოს დაცვის სამინისტრომ პორტში ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

"წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა ქმნიდეს ნათელ სურათს იმის შესახებ თუ პოტენციურად რა სახის ზემოქმედებას მოახდენს საქმიანობა გარემოზე. ამ დოკუმენტით, ყველა რისკის იდენტიფიცირება ხდება, შემდეგ კი ამ რისკების შეფასება და მისი შემსუბუქების დაგეგმვა. ეს არის დახვეწილი მეთოდი, მექანიზმი იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრა. განსაკუთრებით ისეთის, როგორიც გვაქვს ამ ტერმინალთან დაკავშირებით. საფრთხე ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებული რისკები, სამწუხაროდ იმის გამო, რომ არ ჩატარებულა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, არ არის ბოლომდე ცნობილი. ნებისმიერი საწარმო, მით უფრო თუ ის დასახლებული ტერიტორიის შუა გულშია, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს" - ამბობს სპეციალისტი.

გადაწყვეტილება კარბამიდის მშენებლობის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ გუშინ, 12 მარტს მიიღო. მისი განცხადებით მოკვლევის შემდეგ დარწმუნდა, რომ ტერმინალის მშენებლობა უსაფრთხოა. 

აქციები ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიემ თვეა მიმდინარეობს. მოქალაქეებმა წერილითაც მიმართეს ლაშა კომახიძეს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, არ გაეცა მშენებლობაზე ნებართვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი