ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ კარბამიდის ტერმინალი უსაფრთხოა, დოკუმენტაციის შესწავლა დასრულდა და მერიის გადაწყვეტილებით მშენებლობაზე ნებართვას დღეს გასცემენ.
''დღეს დასრულდა საბოლოოდ ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის საკითხზე საბუთების დამუშავება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი არქიტექტურის სამსახური თანამშრომლობდა გარემოსა დაცვისა სამინისტროსთან. შესაბამისად ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის თვალსაზრისით, წარმოდგენილი იქნა. იყო სერიოზული და კარგი პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში, სადაც კომპანიამ ჩამოიყვანა მაღალი დონის ექსპერტები. ამ შეხვედრაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რაც აწუხებდა საზოგადოების ცალკეულ წევრებს თუ ზოგადად გვაინტერესებდა ჩვენ მერიის წარმომადგენლებს. დღევანდელ არსებულ სიტუაციასთან შედარებით, როდესაც იგივე ტვირთების დამუშავება ხდება ღია წესით, მსგავსი ტერმინალის აშენება ეს არის პორტის გაცილებით მაღალ ეკოლოგიურ უსაფრთხოების საფეხურზე აყვანა'' - განაცხადა მერმა.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ტერმინალის მშენებლობა ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის იმიჯს არ დააზიანებს.
''შიშები იმის შესახებ, ხომ არ დააზიანებს ტერმინალის მშენებლობა ქალაქის ტურისტულ იმიჯს, აქაც ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი მივიღეთ. გაცილებით დიდი ტურისტული ისტორიის მქონე ქალაქებში მსგავსი და გაცილებით დიდი მასშტაბის ტერმინალები ფუნქციონირებს, ასევე დასახლებულ პუნქტებთან ახლოსაც'' - თქვა ბრიფინგზე ქალაქის მერმა.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტის აუცილებლობა გარემოს დაცვის სამინისტრომ ვერ დაინახა, მერია კი ამ უწყებას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურს ენდობა.
''გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის თანახმად გეზეშეს დოკუმენტი არ მოითხოვება, წარმოდგენილი არის კონკრეტული დასაბუთება. ეს არის ყველაზე კომპეტენტური ორგანოს ცნობა, რომელიც პასუხისმგებელია მსგავსი ტიპის დასკვნების გაცემაზე, და ეს დოკუმენტი ჩვენთვის არ სარწმუნო. ბრძანებაში მითითებულია ყველა ის მიზეზი, თუ რატომ არ არის საჭირო გეზეშეს ცალკე დოკუმენტის მომზადება''.
ბათუმელები ითხოვდნენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე პორტში ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას არ გაეცა. "ძველი ბულვარის დამცველებმა" და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ლაშა კომახიძეს საჯარო წერილიც გაუგზავნეს.
ტერმინალის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აქციებით აპროტესტებდა. ამბობენ, რომ ქალაქს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.
კარბამიდის ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მხარეებმა 14 იანვარს, ბათუმში გააფორმეს.