მებაჟეებმა არასრული დოკუმენტაციის გამო მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებიდან დააბრუნეს - საგარეო უწყების განცხადება

08 მარტი 2019, 00:00 1494 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გამობრუნების ფაქტებზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებმა გაამკაცრეს საბაჟო კონტროლი და უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტების არ ქონის შემთხვევაში, მგზავრებს უკან უშვებენ. 

უწყებაში ამბობენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ  ყველა საბუთი წესრიგში, საელჩოს არანაირი ბერკეტი არ აქვს შეცვალოს მებაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.  

"ბოლო პერიოდში, ევროკავშირის/შენგენის წევრმა სახელმწიფოებმა გაამკაცრეს სასაზღვრო კონტროლი. შედეგად, საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ ევროკავშირის/შენგენის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს და არ ფლობდნენ შესაბამის საბუთებს, უარი ეთქვათ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებს არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მის კომპეტენციაში და შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შეშვების მიზნით" - წერია განცხადებაში, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში წასვლის მსურველებს, ევროპაში გამგზავრებამდე მოაწესრიგონ უკლებლივ ყველა დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთისთვის. 

ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად, თქვენ გესაჭიროებათ

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გამომგზავრებამდე მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა. 

მებაჟეს უფლება აქვს მოგთხოვოთ: დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს მოქმედი ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი. სასტუმროს ხარჯის გარდა, საშუალოდ დღეში 50 ევრო უნდა გქონდეთ.

საქმიან შეხვედრებში მონაწილეებს  საბუთებთან ერთად უნდა ჰქონდეთ:

„მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ; 

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ: ევროპაში ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);

მოწვევის წერილი მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ: სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში; სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით“.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი