აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ხელვაჩაურის მერიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით

01 მარტი 2019, 00:00 1855 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ხელვაჩაურის მერიაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. თორნიკე რიჟვაძე ამბობს „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არაა ვინმეს ხელი დააფაროს.. თუ არსებობს კითხვები ამ კითხვებს პასუხი გაეცემა.. თუ იქნება პასუხისმგებლობა დასაყენებელი, რა თქმა უნდა ესეც დადგება, მაგრამ უნდა დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას.“

თორნიკე რიჟვაძეს კითხვა ხელვაჩაურის მერიაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დავუსვით. დღეს გახდა ცნობილი, რომ მერიაში სუს-ი შევიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალშენის კულტურის სახლში ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდა.

უწყება მეორე ეტაპზე ჩატარებულ სამუშაოებს სწავლობს. ხელვაჩაურის მერი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მასალები 27 თებერვალს არა სუს-მა, არამედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო, რასაც ფინანსურ პოლიციაში არ ადასტურებენ.

ინფორმაცია დაგვიდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მეტ ინფორმაციას არ ფლობს და არც ის იცის რა შეიძლება აინტერესებდეთ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ახალშენის კულტურის სახლთან დაკავშირებით. ცნობისთვის, კულტურის სახლის მშენებლობის პირველი ტენდერი აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

ამავე კატეგორიაში