ვკითხულობ, ვეცნობი, ვღებულობთ რეკომენდაციებს არასამთავრობო სექტორიდან - ლაშა კომახიძე მოქალაქეების წერილზე

21 თებერვალი 2019, 00:00 2101 ნახვა

გუშინ, 20 თებერვალს, ბათუმელების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფმა "დაიცავი ძველი ბათუმი" ბათუმი მერს ღია წერილი გაუგზავნა და ძველ ბათუმში ე.წ. ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე უარის თქმა მოსთხოვა. საუბარია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ისტორიული სახლების დანგრევის დ ამის ნაცვლად ახალი შენობების აგებაზე. 

"ჩემთვის, ნამდვილად ღირებულია არასამთავრობოების რეკომენდაციები, მათთან დიალოგი, ჩვენ ეს რეჟიმი, ეს დიალოგი არ შეგვიწყვეტია არცერთ ეტაპზე. მათ შორის, ბათუმის ისტორიული ზონის განაშენიანებასთან დაკავშირებით. არის საკითხები, სადაც შესაძლოა განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ  მსჯელობის საფუძველზე, ვღებულობთ დასკვნებს, რომელიც ზოგადად ქალაქისთვის არის სასარგებლო.

რაც შეეხება, ღია წერილს. მე ბრწყინვალედ ვიცი მუნიციპალიტეტის კომპეტენციები, რა არის რეკომენდაცია და რა არის სავალდებულო გადაწყვეტილება (მოქალაქეები წერილში მერს სთხოვდნენ მხოლოდ რეკომენდაციად მიეღო ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება და ძველ ბათუმში არ გაეცა მშენებლობის უფლება. ავტ.). ამ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია, ნახსენები ძველ ბათუმში "პროგრეს სიტის" მშენებლობა,  ჩვენ ვალდებულება გვაქ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლებზე გავცეთ ნებართვა.  

 

ყველას ვთხოვ, იგივე არასამთავრობო სექტორს, რომ მაქსიმალურად რეალისტები იყვნენ თავის მოთხოვნებში, ვინაიდან მუნიციპალიტეტს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, პირიქით, ვალდებულება აქვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულოს და გასცეს  მშენებლობის ნებართვა" - აღნიშნა ჟორდანიას 27 ნომერში მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ქალაქის მერმა.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ  ძველ ბათუმში, არ იყო მერია ამ სახლების ნაცვლად ახალი პროექტის განხორციელების მომხრე და ნებართვა არც გაუციათ, თუმცა მოგვიანებით სასამართლო პროცესი კომპანიამ მოიგო.

მერმა აღნიშნა, რომ სხვა ტიპის მშენებლობებს მაქსიმალურად აკონტროლებს. "ნამდვილად თვალყურს ვადევნებ, დამიჯერეთ, ძალიან სერიოზულად ვაკვირდები მშენებლობის განვითარებას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას, რომ ყურადღებით ვკითხულობ, ვეცნობი, ვღებულობთ რეკომენდაციებს არასამთავრობო სექტორიდან და ჩვენ გადაწყვეტილებებსაც ძალიან მალე გაიგებენ".

მერი ამბობს, რომ ძველ ბათუმში სხვა მშენებლობები დაემორჩილება იმ რეგულაციებს, რომლებიც დადგენილია და ისტორიულ ქალაქში მაქსიმუმ 12 მეტრიან სიმაღლის შენობის აგებას გულისხმობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი