84 წლის ქალის დაყაჩაღების საქმეზე ორივე ბრალდებულს აღკეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ძიების პროცესში შესაძლოა კიდევ ერთი პირის ბრალეულობა გამოიკვეთოს. გამოძიების ინფორმაციით, ჯერ მხოლოდ ნაძარცვი ნივთების ნაწილია ამოღებული.
შემთხვევა ბათუმში, სამი დღის წინ, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ჯგუფს 84 წლის ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, მძარცველებმა მას პირიც აუკრეს. სწორედ ეს მიიჩნია პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებად და ძარცვის მუხლით დაწყებული გამოძიება, ყაჩაღობის საქმეზე, გაგრძელდა. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 აპრილს გაიმართება.