ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში, არ არის გამორიცხული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტნიორები დაეხმარონ.
გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა პირველწყაროს დასადგენად.
''გამოძიება გრძელდება და რადგან ეს არ არის ტექნიკურად მარტივი პროცესი, თუ დაგვჭირდა ვფიქრობთ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება. კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისათვის რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ. ამაზე ვმუშაობთ'' - თქვა მინისტრმა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ კომპრომისი არ იქნება. არანაირი სხვაობა არ არსებობს, პირველწყაროს, ფარული მასალების შენახვასა და გავრცელებას შორის.
''ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, სამართალდამცავი სისტემისთვის არანაირი სხვაობა არ არის, გავრცელებას შენახვას და პირველწყაროს შორის. როგორც კი დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები შენახვას, გავრცელებსა და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა მსგავს დანაშაულთან ბრძოლა იქნება რთული. ჩვენ გვესმის ზოგ შემთხევაში საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ამას გავარძელებთ. დარწმუნებული ვარ რომ მივალთ შედეგამდე'' - განაცხადა მინისტრმა.