ქობულეთში ბოლო ათ დღეში პოლიცია ქურდობის ოთხ ფაქტს იძიებს

29 იანვარი 2019, 00:00 3797 ნახვა

ბოლო ათი დღის შუალედში, ქობულეთის სამ სოფელში ოთხი  ობიექტი გაქურდეს. 21 იანვარს, დაუდგენელმა პირებმა, სოფელ დაგვაში სასურსათო მაღაზიიდან  3 500 ლარის სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები, მობილური ტელეფონის ბარათები  წაიღეს.  სასურსათო მაღაზია  გაქურდეს სოფელ ლეღვაშიც, ამავე სოფელში მეორე მაღაზიიდან გაიტანეს თანხა და სურსათი. 

გუშინ, 28 იანვარს, გამთენიისას კი, სოფელ აჭყვისთავში მუნიციპალური ავტობუსიდან ორი აკუმულატორი მოიპარეს, რის გამოც, გუშინ სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურებოდა. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მაგნიტოფონის წაღების მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა ვერ მოახერხეს და ნახევრად მოგლეჯილი დატოვეს. 

ქობულეთის ტრასრეგულირების სამსახური​ს  უ​ფროსი მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი დღით სამარშრუტო ტაქსმა ჩაანაცვლა. 

"წაღებულია ორი აკუმულატორი, რომლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ იდგა სოფელში მუნიციპალური ავტობუსი ღამის საათებში, ამას საწვავის ეკონომიის მიზნით ვაკეთებთ. ასე უფრო მარტივია, რადგან სოფელში ბოლო რეისს აკეთებს მძღოლი და რჩება იქვე, დილით ადრე კი სოფლის მცხოვრებლები მოჰყავს ქობულეთამდე ან ბათუმამდე. ასე ვმუშაობთ უკვე წლებია" - განაცხადა მერაბ პაპუნაიშვილმა და დაამატა, რომ მსგავსი ფაქტი ამ დრომდე არ მომხდარა.

ქობულეთის ტრასრეგულირების სამსახურში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მუხაისტატეს პოლიციას უკვე შეატყობინეს და გამოძიებაც დაწყებულია. გაქურდულ მუნიციპალურ ავტობუსს კი, უწყების ინფორმაციით, ბაზაში არსებულ სათადარიგო აკუმულატორებს მიაწვდიან და სოფელში ხვალიდან ჩვეულებრივ აღდგება სამარშრუტო ხაზი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ოთხივე ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში ამბობენ არც ერთ ფაქტზე დამნაშავე დაკავებული არ არის.  

შესწორება [სათაურში მითითებული იყო, რომ ქობულეთში  ბოლო 10 დღეში ქურდობის სამ ფაქტს იძიებს პოლიცია. შსს სამინისტრო გამოძიების დაწყებას მხოლოდ სამ ფაქტზე ადასტურებდა. მოგვიანებით შსს კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი დაადასტურა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ადგილობრივებმა მიაწოდეს]   

ავტორი - ლოლა ტომასიანი (სტაჟიორი) 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი