ბათუმის ზოოკუთხე, რომელიც კარანტინის გამო, დაახლოებით 8 თვეა დაკეტილია, გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ზოოპარკის ადგილმონაცვლეობამდე ტურისტებსა და ქალაქის მკვიდრებს საშუალება ექნებათ, განახლებულ ზოოპარკს ესტუმრონ.
მერის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ვოლიერები მოწესრიგდა, ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა.
''ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები განხორციელდა ცხოველების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით, ვოლიერებში შესაბამისი პირობების შექმნის და ასევე ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. ამ სეზონისათვის გაიხსნება. ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებს მივცემთ საშუალებას, დაათვალიერონ ზოოპარკი. ვფიქრობთ რომ ეს იქნება გაზაფხულზე'' - თქვა მაუწყებელთან ლაშა კომახიძემ.
რაც შეეხება ზოოკუთხის ადგილმონაცვლეობის საკითხს. გასულ წლის აპრილში, საკრებულომ ზოოპარკის ბათუმიდან ჩაქვში გადატანის საკითხს მხარი დაუჭირა. დღეს ბათუმის მერი ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
'' ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მოსახლეობასთან. კონკრეტულად მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების კომპენსაციის პირობების შეთანხმებაზე. ვფიქრობ მალე დავიწყებთ პროცესს, რომელიც თანხის გაცემას და მუნიციპალურ საკუთრებაში მიწების წამოღებას გულისხმობს. შემდეგ დაპროექტების ეტაპზე გადავალთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაში, ''ქართუ ფონდი'' გვეხმარება'' - ამბობს მერი.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ზოოკუთხე 170 ათას 338 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. ის ბოტანიკური ბაღის ტურისტულ მარშრუტში მოექცევა.
ზოოპარკში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აჭარის მაუწყებელმა 50-ე მეტი რქოსანისა და პრიმატის დაცემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოგვიანებით, სიკვდილიანობის მზარდი სტატისტიკა მენეჯერებს შორის სასამართლო დავის საგანიც გახდა.
ზოოკუთხის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ირწმუნებოდა, რომ ცხოველები შეუსაბამო გარემოში ცხოვრობდნენ და ზოოპარკის გადატანის იდეა გაახმოვანა.
ფოტო: 24.01.19