ქობულეთის პირველ ბაღში მეორე დღეა ცენტრალური გათბობა გათიშულია. სააღმზრდელო დაწესებულებაში რეგისტრირებული 170 ბავშვიდან, დღეს მხოლოდ 20 გამოცხადდა.
აღმზრდელების თქმით, შენობაში ელექტრო ღუმელები ჩართეს და სიცივე არ არის.
მშობლები კი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ შენობაში ცივა, ამიტომ პატარების ბაღში გაშვებისგან თავს იკავებდნენ.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ გამათბობელი მოწყობილობის დეტალი დაზიანდა, რის გამოც გათბობა გაითიშა.
ია ხალვაშის განცხადებით, ბაღში ცენტრალური გათბობა ხვალ ჩაირთვება.