რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წვევამდელია და სამხედრო სავალდებულო სამსახურს #17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა მუცლისა და გვერდის არეშია დაჭრილი, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა. 1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.