ბათუმში, კომპანია "თეგეტა მოტორსის" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რურუას 1 ა ნომერში, რამდენიმე ჯანმრთელი ხე გაიჩეხა. რატომ მიიღო ჯანმრთელი ხეების გაჩეხვის გადაწყვეტილება კომპანიამ, ამ კითხვის დასმა "თეგეტა მოტირსის" წარმომადგენელთან ბათუმში - პაატა დუმბაძესთან ვცადეთ. დუმბაძემ გვითხრა, რომ ახლა დაკავებულია და მოგვიანებით გადმოგვირეკავდა.
მოგვიანებით "თეგეტა მოტორსმა" პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა მოგვთხოვა.
ბათუმის გამწვანების სამსახურში ფაქტის შესახებ აჭარის მაუწყებლიდან გაიგეს, ისინი ადგილზევე მივიდნენ, თუმცა როგორც გაირკვა რეაგირების უფლება კერძო ტერიტორიაზე არ აქვთ. ვერც გაჩეხილი ხეების რაოდენობა აღრიცხეს და ვერც სხვა დეტალები დააზუსტეს. "აღნიშნული ტერიტორია "თეგეტა მოტორსის" საკუთრებაა, საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება ეს სფერო, ამიტომ ჩვენ რეაგირების, შესვლის ან აღრიცხვის უფლება არ გვაქვს" - გვითხრა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.
კანონმდებლობით, ნებისმიერ მესაკუთრეს, რაოდენობის შეუზღუდავად, ხე მცენარის გაჩეხვისა და განადგურების უფლება აქვს.
"რაღაც უნდა შეიცვალოს, ეს ჩვენი სამსახურისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, ხელ-ფეხი გვაქს შეკრული ასეთ ვითარებაში, როცა არც დაჯარიმების უფლება გვქვს, არც დანაშაულად რეგისტრირების. ვიტირე ლამის ისეთი ვითარება დაგხვდა, ჯანმრთელი 4 ხე იყო გაჩეხილი. ტერიტორიაზე ვერ შევდით, კიდევ არის ხეები, თუმცა ვფიქრობ აღარ მოიჭრება დანარჩენი" - ამბობს გამწვანების სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე.
კითხვაზე აპირებს თუ არა ბათუმის საკრებულოში შევიდეს წინადადებით, რომ კერძო მესაკუთრეების კონტროლი ხეების გაჩეხვის ნაწილში დარეგულირდეს, ამბობს რომ უახლოეს პერიოდში, იანვარში ან თებერვალში დაარეგისტრირებს ინიციატივას
"ჩვენ აუცილებლად შევალთ წინადადებით საკრებულოსთან, ალბათ რაღაც ზომების მიღება შესაძლებელია, ჩვენს გვერდით კი უნდა იყოს საზოგადოება, პირველ რიგში მათთვის უნდა იყოს ეს კატასტროფა" - ამბობს დიასამიძე.
ბათუმში გამწვანებული სივრცეები არც თუ ისე ბევრია. მსოფლიო სტანდარტით ერთ ადამიანზე 9 კუბური მეტრი გამწვანება უნდა მოდიოდეს, ბათუმის რეალობაში, გამწვანების სამსახურის მტკიცებით, ერთ სულ მოსახლეზე 5,4 კუბური მეტრი გამწვანება მოდის, ისიც მწვანე კონცხის, ბათუმის ბულვარისა და შემოერთებული ტერიტორიების ხარჯზე. ქალაქის ზოგიერთ ცენტრალურ ნაწილში კი, ინტენსიური განაშენიანების გამო, მწვანე საფარი სრულად გაქრა.
ბათუმის მერიის არქიტექტორის სამსახურში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას არ მიუმართავს.