რას გადაწყვეტს ცათამბჯენების მშენებლობაზე ბათუმის საკრებულო

25 დეკემბერი 2018, 00:00 2548 ნახვა

27 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემენ თუ არაა კომპანია ''სილქროუდ ჯგუფს'', რომელიც რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებას აპირებს, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებას.

ძველი ბათუმის საზღვრებში, ანბანის კოშკთან საკუთრებაში 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს. თუ საკრებულოს წევრები არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებულ პროექტს მხარს დაუჭერენ,  მაშინ ბათუმის მერიას ტერიტორიის დაგეგმვისა და სივრცითი მოწყობისთვის კონკურსის ჩატარება დაევალება.

მისცენ თუ არა კომპანიას ამ ტერიტორიის გეერგეს გაკეთების დავალება? კანონმდებლობის თანახმად ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს და მესამე სექტორს აზრი გამოკითხეს

შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა. მიწვეულმა მოქალაქეებმა შეხვედრაზე თქვეს,  რომ მერიამ ''სილქროუდ ჯგუფს'' გეერგეს გაკეთების უფლება არ უნდა მისცეს.

ფიქრობენ, რომ ეს დავალება წინაპირობაა სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარედ 6 ცათამბჯენის მშენებლობის, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 42 სართულიანი და 130 მეტრის სიმაღლის იქნება.   საერთო ჯამში  2 სასტუმროს,  4 საცხოვრებელი კომპლექსის, იახტკლუბისა და ხელოვნური ტბის აგება იგეგმება.   

პროექტის განხორციელებას „სილქროუდ ჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური ჩართულობით გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ,   მოქალაქეებისთვის პროექტის პრეზენტაცია გამართეს. ბათუმელების ნაწილმა ტერიტორიაზე ასაშენებელი სახლების სიმაღლე დაიწუნა. პროექტი მოეწონათ, თუმცა ფიქრობენ რომ ამ ადგილისთვის შეუსაბამოა. 

რივიერას ტერიტორია  ძველი ბათუმის სანაპირო ზოლია. მერიის დაკვეთით გაკეთებულ კვლევაში, კომპანია გეოგრაფიკმა ეს ნაწილი ისტორიული ზონის საზღვრებში შეიტანა, თუმცა მერიამ საზღვრები თავისი შეხედულებით შეცვალა და ის დამცავი ზონიდან ამოიღო. 

მერიაში ამტკიცებენ, რომ ზონის მოხსნის ფაქტი, აქ განსახორციელებელ 350 მილიონიან ინვესტიციას არ უკავშირდება.

თუ ეს ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში იქნებოდა, აქ მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა ვერ მოხდებოდა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი