საქართველოს 23 წლის კონსტიტუციაში, შესწორებები დაახლოებით 30-ჯერ შევიდა. 16 დეკემბრიდან, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების წუთიდან, ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია მოქმედებს. ყველა დროში, ქვეყნის უმთავრესი კანონის ცვლილების მიზეზად, უმეტესად საკანონმდებლო ხარვეზებს ასახელებდნენ. 11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი, ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება.
შეიცვალა საარჩევნო სისტემაც. მისამართს იცვლის საქართველოს პარლამენტი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება კი, კონსტიტუციის დონეზე აიკრძალა. გაუქმდა უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება.