სალომე ზურაბიშვილის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები სავარაუდოდ მაისში ჩატარდება. ცნობილია, რომ მმართველი პარტია საკუთარ კანდიდატს დაასახელებს, თუმცა ვის - ჯერ არ არის გადაწყვეტილი. ოპოზიცია კი შესაძლოა, ამ ოლქში გაერთიანდეს და ერთიან კანდიდატზე შეჯერდეს.
პარლამენტს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ 18 დეკემბერს მიმართა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მას მაშინაც დაუჭირა მხარი და ამ ოლქში საკუთარი კანდიდატი არ დააყენა.