საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვება. 11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი, პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი და ქვეყნის საგარეო მიმართულება. კერძოდ, კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკებად გაერთიანდნენ. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.
კონსტიტუციაში ცვლილება განიცადა პარლამენტის ადგილმდებარეობამაც. 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად გადავა. ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულია ქორწინების დეფინიციაც და ნათქვამია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. უქმდება უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, საომარი მდგომარეობის დროს, სათათბირო ორგანო – ეროვნული თავდაცვის საბჭოს შექმნა განისაზღვრა, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრეზიდენტი იქნება. პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.