ბათუმის სხვადასხვა უბანში, განსაკუთრებით კი წერეთლისა და მაიაკოვსკის ქუჩების გასწვრივ, ავტოსადგურთან და "ბათუმი პლაზას"ტერიტორიაზე, საფეხმავლო გზა გარემოვაჭრეებს ჩახერგილი. ნაწილს დროებითი ხის კონსტრუქციები აქვთ აშენებული, ზოგს მხოლოდ დახლები აქვს დადგმული. სხვებმა კი მაღაზიაში გასაყიდი საქონელი დამატებით ღია ცის ქვეშ, ტროტუარზე გამოფინეს.
ამ უბნის მცხოვრებლები წლებია უშედეგოდ ითხოვენ პრობლემის მოგვარებას. ამბობენ, რომ აწუხებთ ხმაური და ანტისანიტარია. საკითხის მოსაგვარებლად ბათუმის მერიასაც ბევრჯერ მიმართეს.
ლაშა კომახიძემ "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თქვა, რომ "საშინელი, თვითნაკეთი რკინის თუ ხის კონსტრუქციები, ასევე გადაჭიმული ტენტები" მალე ალაგდება. ქალაქის მერის მტკიცებით, ქმედით ღონისძიებებზე, სხვა უწყებებთან ერთად, მალევე გადავლენ.
''აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი მოქალაქეების კრიტიკას და მათ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი არის ერთხელ და საბოლოოდ დასამთავრებელი. ძალიან მალე გადავალთ ქმედით ღონისძიებებზე და შევძლებთ ამ ადამინების ალტენატიულ სავაჭრო ადგილებზე გადაყვანას. ქმედით ღონისძიებებში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მონდომებით ალაგდება ის საშინელება, თვითნაკეთი რკინის თუ ხის კონსტრუქციები და გადაჭიმული ტენტები. შემდგომ კი, ჩვენ იქ დავიცავთ წესრიგს. რაც მთავარია, ამ ადამიანებს ვაძლევთ ალტერნატიულ სივრცეს, რომელიც მათთვის არ არის დამაზიანებელი და უკან დამხევი. ეს მათთვის ძალიან მომგებიანი სავაჭრო სივრცეა, რომელიც თავად აირჩიეს. მე ვგულისხმობ ძველი ავტოსადგურის ტერიტორიას. შესაბამისად წერეთლის ქუჩა იქნება ეს თუ მაიაკოვსკი, თუ ქალაქის სხვა ნაწილი, ამ სივრცეებს აუცილებად გამოვათავისუფლებთ'' - განაცხადა ბათუმის მერმა რადიო აჭარის გადაცემა ''ჩვენ და თვითმმართველობა''-ში.
ლაშა კომახიძის თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული სივრცის შესაქმნელად, მერიამ დიდი დრო და რესურსი დახარჯა. მერი ირწმუნება, რომ სწორედ ამ მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა ბაზრობა ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე.
''სამწუხაროდ, ამ ადამიანებისგან ვერ მივიღეთ საწყისი დანაპირები, რომ გადავიდოდნენ. ჩვენ გვქონდა იმედი ურთიერთგაგებით და ურთიერთშეთანხმებით ამას გავაკეთებდით. ეს ის პრობლემაა, რომლებიც ერთ წელში ვერ გადავჭერით, თუმცა ასეთ საკითხების ჩამონათვალი ბათუმის მერიაში ძალიან ცოტაა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უახლოეს პერიოდში მზად ვართ გადავწყვიტოთ ეს საკითხი. რატომ არ იყო საკმარისი ეს ერთი წელი? იმიტომ, რომ ვეცადეთ გარემოვაჭრეებთან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, მათი ინტერესების გათვალისწინებას და მაქსიმალურად ყველაზე რბილი, მისაღები მეთოდებით ადგილმონაცვლეობას'', - ამბობს ბათუმის მერი.
გარევაჭრობა უკონტროლო სფეროა, გასაყიდი პროდუქციის ხარისხის და უვნებლობის შემოწმება ვერ ხერხდება.