საბავშვო ბაღებში მალე საშობაო არდადეგები დაიწყება, მანამდე კი ყველა ბაღში საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი. ბათუმის ბაღების გაერთიანებამ წელს მიდგომა შეცვალა. საშობაო ზეიმი დიდი აუდიტორიის ნაცვლად, მცირე მასშტაბებით ჩატარდება. არ არის გამორიცხული ღონისძიებას არც პატარების მშობლები დაესწრონ.
სავარაუდოდ მშობლები ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს ბაღში ვერ მიუტანენ. დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად გაერთიანებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
მამუკა შამილიშვილი ფიქრობს, რომ საახალწლო საჩუქრები ბავშვებისთვის სახლში, ოჯახურ გარემოში უმჯობესია.
''ვფიქრობ, მშობლებმა თოვლის ბაბუას საჩუქარი ბავშვებს სახლში, ნაძვის ხესთან უნდა დაახვედრონ. არ არის აუცილებელი ბაღში მიტანა სხვის დასანახად, ყველას არ აქვს ერთნაირი საშუალება. ბაღი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ყოველგვარი საჩუქრების და მატერიალიზმის გარეშე უბრალო ღონისძიება ჩატარდება. ნაძვის ხეს ჩვენ მივიტანთ, ასევე სათამაშოებს, განათებებს, ''წვიმებს''. საჩუქრები კი ოჯახებში მიართვან თავიანთ შვილებს. ეს არის ჩვენი პოზიცია'' - ამბობს ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ღონისძიების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ დაიგეგმა გასართობი პროგრამა, რომელიც ბავშვზე იქნება ორიენტირებული.
''ღონისძიება უნდა იყოს თავისუფალი და ბავშვზე ორიენტირებული. პატარები თვითონ უნდა გაერთოს და მიიღონ სიამოვნება. არ არის საჭირო ''გაწვრთნილი ბავშვების'' დემონსტრირება. ღონისძიება არ აკრძალულა. ჩვენი სურვილია მშობლები ზეიმს არ დაესწრონ, მაგრამ ასე რადიკალურადაც არ გვინდა რაღაცეები შევცვალოთ. სადაც ექნებათ სურვილი ალბათ დაესწრებიან. ახალი მიდგომაა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი მოგონილი არ არის. აქტივობა იქნება, ღონისძიება იქნება, მაგრამ თავისუფალი მიდგომებით'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მამუკა შამილიშვილმა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის პარალელურად წელიწადში რამდენჯერმე საგაზაფხულო, საშემოდგომო და საშობაო ღონისძიებისთვისაც ემზადებოდნენ და რეპეტიციებიც ყოველდღიურად იმართებოდა. ხშირად ზეიმს ყველა მსურველი ესწრებოდა. ასე იყო წლების განმავლობაში.
'' ბავშვებს თვეებია განმავლობაში ამზადებენ, რომ მერე ერთი ღონისძიება მოასწრონ. არ არის მართებული, დრო იკარგება. ბავშვს ეს შეიძლება სულ არ სიამოვნებდეს და შეიძლება ბავშვზე ძალადობადაც ჩაითვალოს რაღაც კუთხით'' - ამბობს შამილიშვილი.
ბაღის პედაგოგებისთვის საჩუქრების მიტანა და საჩუქრებისთვის თანხის შეგროვება არც აქამდე იყო ნებადართული, თუმცა წელს მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს კატეგორიულად აიკრძალა.
ფოტო: არქივი